რატომ დაუთმეს მამაკაცებმა ქალებს PR ინდუსტრია?
რატომ დაუთმეს მამაკაცებმა ქალებს PR ინდუსტრია?

ავტორი: ვალერიან გორგილაძე

 

არავინ არ დაობს იმაზე, რომ საქართველო ტრადიციული კულტურის მატარებელი ქვეყანაა, ჩვენი საზოგადოება კი პატრიარქალური. არა ერთმა გამოკითხვამ ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება, ხოლო კაცის - ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა. სოციოლოგიური კვლევების შედეგების თანახმად - მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოჯახის მარჩენალთა 30% ქალია, მოსახლეობას მიაჩნია, რომ ეს არ არის იდეალური მდგომარეობა და თუ იქნება ეკონომიკური შესაძლებლობა, უმჯობესია ქალი არ მუშაობდეს ან ნაკლებად დატვირთული, „ქალისთვის შესაფერისი" სამუშაო ჰქონდეს. ასევე, ქალი ქმრის მორჩილი უნდა იყოს და დაუთმოს მამაკაცს ლიდერის პოზიცია სხვადასხვა ასპარეზზე. მარკეტინგული კომპანია აი - სი-თის დასკვნების შესაბამისად ზემოთ ჩამოთვლილი გენდერული ფუნქციები საზოგადოებას ქალის და კაცის არსის ბუნებრივ გაგრძელებად მიაჩნია, მაგალითად, ის, რომ ქალი შვილს აჩენს და მასზე ზრუნავს, აძლევს მას უპირატესობას, იყოს უკეთესი მასწავლებელი, რომელიც, სახლის გარეთაც ბავშვების აღზრდითაა დაკავებული, ხოლო, კაცი, როგორც უფრო აქტიური და მებრძოლი, მოიაზრება პოლიტიკაში, სადაც ლიდერობის, გადაწყვეტილებების მიღების უნარებია საჭირო და ა. შ.


მთლიანობაში, ამ კვლევის შედეგები იმეორებს წინა წლებში ჩატარებული მსგავსი კვლევების შედეგებს და ისინი ყველა ერთად აჩვენებს, რომ საქართველო კვლავ მასკულინური, პატრიარქატული ქვეყანაა, რომელშიც დომინანტური პოზიცია კაცებს უჭირავთ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ კაცები მეტად ამართლებენ ამგვარ დომინანტურ პოზიციას, ვიდრე ქალები, ქალებმა კი იციან, რომ მათი როლი დაქვემდებარებულია


და რომ ბევრი რამის დათმობა უწევთ. ამან, თავის მხრივ, არ შეიძლება არ გამოიწვიოს სტრესი, უარყოფითი ემოციები. ამის კომპენსაციისთვის ქალები ირჩევენ ტანჯულის როლს და ამით ამაყობენ. მათი აზრით, ქართველი ქალი, სხვა ქვეყნის ქალებთან შედარებით, მეტი ამტანობით გამოირჩევა. მითუმეტეს, რომ საზოგადოებაც მოითხოვს ქალისაგან, მოითმინოს შეურაცხყოფა ქმრისგან ოჯახის შენარჩუნების მიზნით და იყოს ამტანი, ნაზი, დამთმობი, ოჯახის ერთგული ადამიანი. ამ მდგომარეობას ამტკიცებს ასევე შეხედულება, რომ გაშორება ოჯახის დანგრევად აღიქმება საზოგადოებაში. ერთი შეხედვით, ამ მონაცემებთან შეუსაბამობაში მოდის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც, ქალები უფრო არიან ცხოვრებით კმაყოფილი, ვიდრე - კაცები. სავარაუდოდ, ქალებს ნაკლები ამბიცია აქვთ, ნაკლები თვითშეფასება და ახერხებენ ტრადიციული გენდერული ფუნქციების რეალიზებას ოჯახში, ხოლო კაცი სათანადოდ ვერ რეალიზდება ამჟამინდელი ეკონომიკური სიტუაციის, ანუ, უმუშევრობის მაღალი დონის ფონზე.

 

აი -სი-თის ამ დასკვნებს ირიბად ადასტურებენ სხვა ექსპერტებიც, ასე მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაცია ,,განვითარების კვლევისა და შეფასების ცენტრის'' პროექტების კოორდინატორის მედეა ბადაშვილის აზრით, საქართველოში ქალები ნაკლებ ანაზღაურებად პოზიციებს იკავებენ და მათი შემოსავალი მამაკაცთა შემოსავლებთან შედარებით ბევრად ნაკლებია. საქართველოში ადგილი აქვს ვერტიკალურ სეგრეგაციას და ქალები ხშირად ე. წ. ,,შუშის ჭერის'' პრობლემას აწყდებიან, მიუხედავად მათი განათლებისა და გამოცდილებისა. მედეა ბადაშვილს ასევე მიაჩნია, რომ სამსახურის პოვნა, ან მისი შექმნა თითქმის ყველგან უფრო ძნელია ქალისთვის, ვიდრე მამაკაცისთვის. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო, მათ იტვირთეს პასუხისმგებლობა უზრუნველყოთ თავიანთი ოჯახები საარასებო მინიმუმით. ქალები მამაკაცებზე უფრო მოქნილები აღმოჩნდნენ პროფესიის შეცვლის თვალსაზრისით, ისინი არ თაკილობენ მათი პროფესიისათვის შეუფერებელ საქმიანობას. უმუშევრობას ამჯობინებენ არაკვალიფიციური სამუშაოს შესრულებას.


ქალების დასაქმების სტრუქტურა ადასტურებს ექსპერტთა მოსაზრებებს და სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს. ქალების ძალზედ მცირე რაოდენობა დასაქმებულია მოწინავე პოზიციებზე ბიზნესსა თუ პოლიტიკაში. საქსტატის მონაცემების თანახმად საქართველოში ბიზნეს კომპანიების მხოლოდ 20%-ს ხელმძღვანელობენ ქალები. ხოლო პოლიტიკაში რაც უფრო იზრდება მმართველი პარტიის გავლენა, მით უფრო მცირდება ქალების ჩართულობა. მკლევარი ლიკა ნადარაიას დასკვნაც ასეთი იყო, რომ ზოგადად, ძალაუფლების მატებასთან ერთად, კლებულობს ქალების ჩართულობა პოლიტიკაში.


მედეა ბადაშვილის აზრით კი დღესდღეობით საქართველოში არსებული ვითარება გვიჩვენებს, რომ ქალებს აქვთ საშუალება მხოლოდ მცირე ბიზნესი აწარმოონ. ესენია: სილამაზის სალონი, სურსათის მაღაზია, ტანსაცმლის და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები, კოსმეტიკით ვაჭრობა, მცირე სასტუმრო, მცირე კვების ობიექტები, კაფეები და. ა. შ.
და მართლაც, თუ კი გადავხედავთ ბანკების მმართველ სტრუქტურებში არსებული ბალანსის თემას, დავრწმუნდებით, რომ ამ სექტორშიც მამაკაცები ჭარბობენ. ქალები მოადგილეებადაც იშვიათად გვხვდებიან. მსგავსი მდგომარეობაა სამინისტროებშიც. 19 სამინისტროდან მხოლოდ სამ მათგანს ხელმძღვანელობს ქალი, ხოლო მოადგილეები უმეტესად მაინც კაცები არიან. პარლამენტში და ქალაქის მერიაშიც, წამყვან პოზიციებზე ძირითადად კაცები არიან.


მით უფრო გასაკვირია ერთად ერთი გამონაკლისი გენდერული დასაქმების სტრუქტურაში, მაგალითი რომელიც მკვეთრად არღვევს გენდერულ ბალანს ქალთა სასარგებლოდ. საზოგადოების ურთიერთობათა სეგმენტი არის ერთადერთი რომელშიც ქალების დასაქმება ლამის ტოტალურ ხასიათს ატარებს. სახელმწიფო სტრუქტურებში ქალები ხელმძღვანელობენ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურების 97%, ხოლო ბიზნესში ეს მაჩვენებელი 85% შეადგენს. საინტერესოა თუ რატომ დაუთმეს კაცებმა ქალებს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტად სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, დარგი რომელზეც პირდაპირ არის დაკავშირებული მოსახლეობის და მომხმარებლების ქეთილგანწყობა და ლოიალურობა სახელმწიფო უწყებების თუ ბიზნეს კორპორაციების მიმართ? აქ შეიძლება, მხოლოდ ორი ვარაუდის გამოთქმა ვინაიდან რაიმე ტიპის ემპირიული მონაცემები, ამ საკითხთან დაკავშირებით, დღესდღეობით მწირეა რაც შესაბამისად არ იძლევა საშუალებას მწყობრი, მეცნიერულად დასაბუთებული მიგნების ჩამოყალიბებისთვის. ამდენად თუ კი გავითავლისწინებთ, იმას რომ კაცის მიერ აგებული „შუშის ჭერი" მკვეთრად უზღუდავს ქალებს ვერტიკალურ მობილობას საკვანძო პოზიებზე ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, ესეიგი მამაკაცებს არ მიაჩნიათ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები მიეკუთვნებიან სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებებს. ამას ირიბად ადასტურებს ის დაკვირვებაც, რომლის მიხედვითაც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას PR საკითხებთან დაკავშირებით ისევ და ისევ ხელმძღვანელი პირი, ესეიგი მამაკაცი იღებს, ხოლო შესაბამისი სამსახურის ქალი ხელმძღვანელის ფუნქცია, მხოლოდ რუტინული, მედიასთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან, კომუნიკაციით შემოიფარგლება. ამის გარდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კაცი თავის დასაქმების ადგილას ახდენს იმ ტიპის ურთიერთობების პროეცირებას, როგორიც მას ოჯახში აქვს აგებული. მეუღლე - დიასახლისი ხშირად მოდერატორ - კომუნიკატორის ფუნქციასაც ასრულებს სამსახურიდან დაბრუნებული მეუღლისთვის. მეუღლე აცნობს თავის ქმარს იმის შესახებ თუ რა ვითარებაა ოჯახში, უამბობს მას ოჯახის წევრების, ნათესავების შესახებ, აცნობებს მას მოსალოდნელი პრობლემების და მოვლენების შესახებ. შესაძლებელია, სწორედ ამ ფუნქციას ასრულებდეს თავისი ხელმძღვანელობისთვის პიარ სამსახურების უმრავლესობა. მედია მონიტორინგის შედეგების გაცნობა, მომავალი საინფორმაციო საბაბების (ბრიფინგების, პრეს კონფერენციების და სხვა) დაგეგმვა და კონკურენტების თუ ოპონენტების მიერ გავრცელებული ინფორმაციების მოპოვება, ხომ საქართველოში პიარ სამსახურების აბსოლუტური უმრავლესობის ძირითადი საქმიანობის ჩამონათვალია.

 

ამ ვარაუდს ირიბად ამყარებენ სხვდასხვა კვლევების შედეგები. ასე მაგალითად თვისებრივი კვლევების დროს წევრების უმეტესი ნაწილი დეკლარირების დონეზე ეთანხმება გენდერული თანასწორობის იდეას, თუმცა, როგორც კვლევის შედეგების მრავალმხრივი ანალიზი (ფოკუს-ჯგუფების მონაწილე ქალების მიერ გამოხატული შეხედულებები და რაოდენობრივი კვლევის შედეგები) აჩვენებს, ქალების გარკვეული ნაწილი მაინც გენდერული როლების ტრადიციული განაწილების მომხრეა. გამოკითხულთა აზრით, კაცი უკეთესი ბიზნეს ლიდერია, ვიდრე ქალი, ზოგადად, ნებისმიერი საქმე მამაკაცს უკეთ გამოსდის და რა თქმა უნდა, პოლიტიკა, პირველ რიგში, კაცის საქმეა. ქალი ძირითადად, რესპონდენტთა უმრავლესობას, წარმოუდგენიათ, ქალის ბუნების შესაბამის პოზიციებზე და სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, კულტურა და როგორც ირკვევა პიარიც. 

 

 

 

 

ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service