წააქცევს თუ არა პუტინს ორი ქალი?!
წააქცევს თუ არა პუტინს ორი ქალი?!

ავტორი: პოლიტიკური ანალიტიკოსი, ვალერიან გორგილაძე


2016  წელს, უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება მოხდეს კიდევ ერთი ისტორიული პრეცედენტი. ამჯერად ზესახელმწიფოს სათავეებს, პირველი არჩეული შავკანიანი პრეზიდენტის შემდეგ,  ქალი უმიზნებს. ამერიკა პრეცედენტების ქვეყანაა, ფართო პრეცედენტების დაშვება კი ელასტიური, მოქნილი სისტემის თვისებაა. ასე იყო როდესაც ბუში უმცროსის მმართველობის შედეგად დაგროვილი ნეგაცია ვრცელდებოდა მთელ მსოფლიოში და უწინარესად აშშ-ში, რამაც სერიოზული მორალური და ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა ერთადერთი ზესახელმწიფოს რეპუტაციას. ამერიკულმა ელიტამ და მოსახლეობამ მაშინ შესძლო ეპოქალური პრეცედენტის დაშვება და მანამდე უცნობმა შავკანიანმა კონგრესმენმა მოულოდნელად დაიპყრო თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი. ობამას არჩევით შტატებში მოხდა სისტემის გადატვირთვა, ფსიქოლოგიური კლიმატის განახლება, ახალი იმედების, მოლოდინების, საერთო ეროვნული ენთუზიაზმის გაღვივება.  2016 წლისთვის მოსალოდნელ პროცესებს განსხვავებული კონტექსტი მოაქვს და მით უფრო საინტერესოა ამ ქონტექსტში სამი ლიდერის ურთიერთკავშირებისა და ურთიერთმიმართებებზე შესაძლო პერსპექტივის ანალიზი.

 

მაშასადამე, შესაძლოა რომ 2016 წელს პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე სამი ძლიერი ლიდერი აღმოჩნდეს. ჰილარი კლინტონის, ანგელა მერკელის და ვლადიმირ პუტინის ერთდროული აღმოჩენის პერსპექტივა ერთიან სივრცეში ბევრ პოლიტოლოგში, სოციოლოგში, ფსიქოლოგსა თუ ფუტურისტში შეიძლება უჩვეულო დრამატურგიული მოლოდინის მიზეზად იქცეს. და მართლაც, როგორ მოიქცევა რუსეთის სათავეში მყოფი „ალფა-მამრი“ „რკინის“ ქალბატონების გარემოცვაში? შეძლებენ თუ არა უძლიერესი სახელმწიფოების სათავეში მოქცეული ქალები პუტინის „მოთვინიერებას“, რასაც ვერ ახერხებენ ვერც მამაკაცი ლიდერები ევროპაში და ვერც შავკანიანი აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი.  საინტერესოა ისიც, რომ როგორც ჩანს ერთადერთი ლიდერი, რომლის მიმართაც პუტინს გარკვეული რიდი გააჩნია და აშკარად უწევს ანგარიშს არის გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი!

ამ თვალსაზრისით საინტერესოა პოლიტოლოგ ჯეიმს რუბინის მოსაზრება, რომელიც მან გამოთქვა „სანდი თაიმსში“ როდესაც განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონი წინასწარმეტყველებდა რუსეთის აგრესიას და არავითარ შემთხვევაში არ მოუთმენდა ვლადიმერ პუტინის ამ ქცევას. რუბინის აზრით „კლინტონი გამოავლენდა გამბედაობას და მყისიერ რეაქციას, ერთადერთ ენას, რომელიც ესმის რუსეთის ლიდერს“.

რუბინის აზრით, ჰილარი კლინტონს ნამდვილად არ დასჭირდებოდა დიდი დრო პუტინის პრობლემის მოსაგვარებლად. ამერიკელი პოლიტოლოგი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 2013 წლის იანვრის თვეში, ყირიმის ანექსიამდე, ჰილარი აფრთხილებდა ობამას „იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც წარმოადგენს პუტინი თავისი მეზობლებისთვის და მთლიანად მსოფლიო წესრიგისათვის“.

 

ჰილარი აუცილებლად მოახდენდა უკრაინის მომარაგებას შეიარაღებით, დაამშვიდებდა ნატოში შემავალ მოკავშირეებს, ვინაიდან აშშ -ს  მშვენივრად გამოსდის თამაში ძალისმიერი პოზიციიდან, წერს რუბინი. მით უფრო, რომ „ეს არის ერთადერთი ენა რომელიც ესმის ვლადიმერ პუტინს“. პუბლიკაციის ავტორის აზრით, პუტინი უკან დაიხევდა როგორც კი დაინახავდა ვაშინგტონის და ბერლინის ერთიან ფრონტალურ პოზიციას. და საერთოდაც, „ჰილარი და ანგელა - ეს მშვენიერი გუნდი იქნებოდა“,- გამოთქვამს მოსაზრებას ჯეიმს რუბინი.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად ჰილარი კლინტონი არაორაზროვნად უგზავნის შეტყობინებებს გერმანიის „რკინის“ კანცლერს. ასე ერთ-ერთ ინტერვიუში კლინტონი ხაზს უსმევდა იმ გარემოებას, „რომ გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს მშვენივრად გამოსდის თავიანთი ქვეყნის მართვა ძალზედ რთული პერიოდის განმავლობაში“. ბუნებრივია, რომ ამ მესიჯს ორი ადრესატი გააჩნდა, პირველი თავად კანცლერი, ხოლო მეორე, მრავალმილიონიანი ამერიკელი ამომრჩეველი, რომელიც ჯერ კიდევ მერყეობს - შეძლებს თუ არა ქალი ზესახელმწიფოს ეფექტიან მმართვას ამერიკისთვის განსაკუთრებით რთული პერიოდის განმავლობაში.

 

ბუნებრივია, რომ ზესახელმწიფოების მართვაზე გამოთქმული პრეტენზია კარნახობს თავის სტილს და ესტეთიკას ჩაცმულობაზეც და ზოგადად პოზიციონირების ვიზუალურ ასპექტებზეც. ასე მაგალითად, ამ სტილს - რომელიც ახასიათებს პოლიტიკაში თუ ბიზნესში ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფ ქალებს - მოდის სამყაროში ცალკე ტერმინი მოუძებნეს - power dressing ან „ძალის სამოსი“. საინტერესოა, რომ აქაც კლინტონსა და მერკელს საერთო მახასიათებელი აერთიანებს. მამაკაცური კოსტუმი, ორივე პოლიტიკოსი ქალისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. არსებობს მოსაზრება, რომ ჰილარის და ანგელას აკლია გარკვეული პეწი - ასე თვლიან მსოფლიოს წამყვანი მოდელიორები. ასე მაგალითად, ანა ვინტორი, ამერიკული გამოცემის „Vogues“ დირექტორი, მკაცრად აკრიტიკებს ჰილარი კლინტონის ჩაცმულობის სტილს. ვინტორის, როგორც მსოფლიოში მოდის ერთერთი ავტორიტეტული ექსპერტის, მოსაზრებით „კონცეფცია იმის შესახებ, რომ ქალი  პოლიტიკოსი უნდა გამოიყურებოდეს მამაკაცურად იმისთვის, რომ გაიმარჯვოს არჩევნებზე უბრალოდ სასაცილოა“.

 

კლინტონის მსგავსად, ჩაცმულობის გამო აკრიტიკებენ ანგელა მერკელსაც. ცნობილი დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი პირდაპირ და დაუფარავად დასძენს - „თუ ქალბატონი მერკელი მოინდომებს  Westwood-ის ბრენდის ტანსაცმელს, მე შევუკერავ მას ისეთ ჩაცმულობას, რომელიც გახდის მას ბრწყინვალეს, გავლენიანს და გემოვნებიანს“.


ამასთან ერთად არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ კლინტონი მკვეთრად ახდენს თავისი თავის პოზიციონირებას როგორც ფემინისტი, ფემინისტური წარსული ასევე წარმოადგენს ერთერთ განუყოფელ მდგენელს ანგელა მერკელის ერთიან იმიჯში. თუ კი გავითვალისწინებთ ვლადიმერ პუტინის დამოკიდებულებას ყოველგვარი გენდერული თუ სექსუალური ემანსიპაციური გამოვლინებების მიმართ გასაგები ხდება, რომ მომავალ გეოპოლიტიკურ პაექრობას რამდენიმე დამატებითი საზრისი დაამძიმებს და გაართულებს. ამ შემთხვევაში რუსეთის და დასავლეთის გეო -პოლიტიკური და გეო-ეკონომიკური დაპირისპირება შეიძლება გენდერული დაპირისპირების ელფერი შეიძინოს.

 

ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service