ქალური, ქართული პოლიტიკური რადიკალიზმი
ქალური, ქართული პოლიტიკური რადიკალიზმი

ავტორი:   ვალერიან გორგილაძე, პოლიტიკური ანალიტიკოსი

 

2012 წლის არჩევნებმა დასაბამი მისცეს ახალ პოლიტიკურ რეალობას, მათ შორის კი ახლებურ ჟღერადობას იძენს ქართველი ქალი პოლიტიკოსის როლი და გავლენა შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. შეიძლება თამამად ითქვას, რომ არასდროს უახლესი ქართული ისტორიის განმავლობაში ქალ პოლიტიკოსებს არ ჰქონიათ ასეთი გავლენა ელექტორალურ განწყობებზე. სიმპტომატურია, რომ ამგვარი განწყობების შექმნა, დღესდღეობით მხოლოდ პოლიტიკოსმა ქალებმა მოახერხეს და სწორად ისინი ყველაზე მოხერხებულად სარგებლობენ „ქართული ოცნების“ რეიტინგის კლებით და მეტიც, თავად ქმნიან სახელისუფლებო კოალიციისთვის თავის რეიტინგული მაჩვენებლის შემდგომი ვარდნის წინაპირობას. მართალია, ჯერჯერობით ვერც ნინო ბურჯანაძე და ვერც ირმა ინაშვილი ვერ ახერხებენ საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის გულის მოგებას, მაგრამ საერთო ჯამში ამ პოლიტიკოსების მიერ შექმნილი მოძრაოებების მხარდაჭერა თანდათანობით უახლოვდება 20%-იან მაჩვენებელს, რაც არც თუ ისე უმნიშვნელო ნიშნულია. 

საინტერესოა, რამ განაპირობა ბურჯანაძის და ინაშვილის მიმართ მანამდე ჯერ არნახული მხარდაჭერის არსებობა? უამრავ ოპოზიციურ ძალას შორის, სწორედ ამ ორი ლიდერისთვის არის დამახასიათებელი რადიკალური რიტორიკა და მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ყოფილი მმართველი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. სწორედ ეს ორი ქალი პოლიტიკოსი მკვეთრად მოითხოვს ე.წ სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყებას და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას. რატომ უკავშირებს რადიკალურად განწყობილი ამომრჩეველი თავის იმედებს ბურჯანაძე - ინაშვილის მოძრაობებს და რატომ ვერ გამოჩნდა რადიკალურ ფლანგზე მამაკაცი პოლიტიკოსი, რომელიც შეეცდებოდა ამ პოლიტიკური სეგმენტის ათვისებას?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე უპრიანი იქნებოდა მოგვეხდინა ბურჯანაძის და ინაშვილის პოლიტიკური მოძრაობების მხარდამჭერთა პროფილის აღწერა. ასე მაგალითად, ბურჯანაძის ამომრჩეველთა შორის, ასევე როგორც ინაშვილის შემთხვევაში, ქალი ამომრჩევლები არ წარმოადგენენ უმრავლესობას. განსაკუთრებით დაბალი მხარდაჭერის მაჩვენებელი ორივე შემთხვევაში (ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ და ირმა ინაშვილის  „პატრიოტთა ალიანსი“) ვლინდება ახალგაზრდა ქალებს შორის (18-25 წლამდე). რაც უფრო მატულობს ქალბის ასაკი, მით უფრო იზრდება მხარდაჭერთა რაოდენობა ბურჯანაძეს და ინაშვილის სასარგებლოდ, განსხვავებულ ასაკობრივ სეგმენტებში ქალ ამომრჩევლებს შორის. სხვა მონაცემების ანალიზი საგულისხმოს ხდის იმ გარემოებას, რომ ბურჯანაძის მხარდამჭერთა განათლების ცენზი უფრო მაღალია,  ვიდრე -  ინაშვილის მხარდამჭერებში. ასევე ნიშანდობლივია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება (მაგ. შემოსავლების და სოციალური თვითშეგრძნების მიხედვით) მეტად, მაგრამ არა მნიშვნელოვნად, უარესია ვიდრე „დემოკრატიული მოძრაობის“ ანალოგიური მაჩვენებელი. ძალზედ მნიშვნელოვან გარემოებად, რომელიც ასევე აერთიანებს ორივე პოლიტიკურ მოძრაობას წარმოადგენს ის, რომ ამ მოძრაობების მხარდამჭერებში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა უფრო მკვეთრად და მძლავრად ჟღერს, ვიდრე  - სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების მხარდამჭერებში. ამდენად, ზოგადი პროფილის აღწერისას ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ტიპურ ამომრჩეველს წარმოადგენს მდედრობითი სქესის, 40-45 წლის დიასახლისი, რომლის განათლება ვარირებს (პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით) საშუალო განათლებიდან უმაღლეს განათლების მქონე რესპონდენტამდე. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ასაკის რესპონდენტების დიდ უმრავლესობას ჰყავთ შვილები.

ნინო ბურჯანაძეს და ირმა ინაშვილის საჯარო გამოსვლების ანალიზი, მიუხედავად გარკვეული მსგავსებისა, მაინც ხასიათდება მნიშვნელოვანი განსხვავებულობით რიტორიკული ხერხების, მეტყველების ფიგურებისა, კონცეპტუალური ხედვისა და მასშტაბურობის გამო. ასე მაგალითად, ირმა ინაშვილის რიტორიკა ხასიათდება უაღრესი რადიკალიზმით, ხოლო პოლიტიკური მისიის შემოიფარგლება მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის და „ნაციონალების“ გასამართლების აუცილებლობით.

განსხვავებული სურათია ნინო ბურჯანაძის შემთხვევაში. ფოკუსირებული ჯგუფების შედეგად გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა (იმის მიუხედავად ასახელებენ თუ არა ბურჯანაძეს თავის პოლიტიკურ ფავორიტად)  აღიარებს ბურჯანაძის მაღალი ხარისხის მქონე რიტორიკულ და პოლემისტურ უნარს, გარეგნულ მიმზიდველობასა და მოწესრიგებულობას. ამასთან ერთად, გამოკითხულთა უმრავლესობა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს და მაღალ შეფასებას აძლევს ბურჯანაძის პროფესიულ (პოლიტიკურ) უნარებს და გამოცდილებას. ბურჯანაძის გამოსვლების ანალიზი კი ცხადყოფს, რომ გარდა სამართლიანობის აღდგენისა, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერისთვის არანაკლებად (მეტად თუ არა) მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება და მომავალი თაობებისთვის თანამედროვე, ინოვაციებზე დამყარებული  განათლების სისტემის შექმნა.

ყველაზე საინტერესოდ კი მეჩვენება ნინო ბურჯანაძის და ირმა ინაშვილის პიროვნული დახასიათების უმაღლესი შეფასებები ისეთ ოპციებში როგორიც არის: გამბედაობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი და პიროვნული სიმამაცე. ამ კატეგორიებში ბურჯანაძის და ინაშვილის რეიტინგი ბევრად აღემატება დანარჩენი პოლიტოკოსების (ძირითადად მამაკაცების) ანალოგიურ მაჩვენებლებს და შესაბამისი მონაცემების მიხედვით, შედის წამყვანი ქართველი პოლიტიკოსების სამეულში. იქნებ სწორედ ამის გამო მამაკაცი პოლიტიკოსები ვერ უწევენ კონკურენციას ამ ორ ქალ პოლიტიკოსს იმ პოლიტიკურ სეგმნტში რომელიც დღეისათვის 20% შეადგენს. თუმცა, ამ (პროტესტული) მზარდი პოტენციალის გათვალისწინებით, მამაკაცმა პოლიტიკოსებმა, სულ ახლო მომავალში, შეიძლება ამომრჩევლების 30% -ზე გავლენა სამუდამოდ დაკარგონ! 

 

 

ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service